ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აკბარ ველაიათიმ განაცხადა, რომ ირანი „არ დაუშვებს“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას თავის საზღვართან, როგორც ეს გათვალისწინებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით.
ველაიათის თქმით, პროექტის განხორციელება „შეუძლებელია და არ შედგება“ და ეს ტერიტორია „ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა.“
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩევლის განცხადებით, აღნიშნული დერეფანი ჩვეულებრივი სავაჭრო მარშრუტი არ არის და პოლიტიკური შეთქმულებაა ირანისა და “სხვა მეზობელი ქვეყნების” წინააღმდეგ.
ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი მრჩეველი ასევე ამბობს, რომ დერეფანი “რეგიონის გეოპოლიტიკას შეცვლის, საზღვრებს გადახაზავს და სომხეთის დაშლას გამოიწვევს.”
„შედეგად, ირანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად იმოქმედებს, რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. გვჯერა, რომ რუსეთი ასევე სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს,” - განაცხადა ველაიათიმ.
„თურქეთის გარდა, რომელიც NATO-ს წევრია, NATO -ს სხვა ქვეყნებსაც სურთ ამ რეგიონში წარმომადგენლობა. NATO-ს სურს გველივით იწვეს ირანსა და რუსეთს შორის, მაგრამ ირანი ამას არ დაუშვებს,” - განაცხადა აიათოლას მთავარმა მრჩეველმა.